logo
ENG



მარიუპოლის მერის მრჩეველი: ქალაქში ფაქტობრივად არ არის წყალი და საკვები

12 მაი 202201:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/74ord11568k0ip7.png

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო ამბობს, რომ მარიუპოლში ფაქტობრივად არ არის წყალი.

საინფორმაციო ტელემარათონში ანდრიუშენკომ თქვა, რომ ქალაქში დარჩენილებს არც საკვები აქვთ და არც საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი სრულად არის დაბლოკილი რუსების მიერ. 

მისივე განცხადებით, რუსებმა მთლიანად გააჩერეს ევაკუაციის პროცესი, რაც ქალაქიდან გასვლის მსურველებს დაბრუნებას აიძულებს. 

"ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში ადამიანების რაოდენობა გაზრდილია. ისინი იძულებულები არიან, მარიუპოლში დაბრუნდნენ, ვინაიდან არსად აქვთ წასასვლელი. ეს ზრდის ჰუმანიტარულ საფრთხეს. 

ფაქტობრივად არ დარჩა ადგილი, რომელიც საცხოვრებლად გამოდგება. არის რამდენიმე შენობა, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაზიანდა, მაგრამ მათ არ აქვთ ფანჯრები. არ არის წყალი, არ არის საკმარისი სასმელი წყალი. არის ავზები, მაგრამ ამ ავზებში წყლის ხარისხი ძალიან დაბალია. ეს წყალი უკვე 2 თვეა, დამდგარია და მისი დალევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. საკვები კატასტროფულად არ გვყოფნის". - განაცხადა პეტრ ანდრუშენკომ.

მისი განცხადებით, ოკუპანტები ტრაბახობენ, რომ დაარიგეს 100 ათასი ერთეული საკვები პაკეტი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მარიუპოლში 100-120 ათასი ადამიანი იმყოფება, ეს თითოეულის ერთჯერადი საკვებია. 

მარიუპოლის მერის მრჩევლის თქმით, საკვების არარსებობა ადგილობრივებს ოკუპანტების სასარგებლოდ მუშაობას აიძულებს. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მარიუპოლი 1-ლი მარტიდან ალყაშია. რუსეთი წითელ ჯვარსაც არ აძლევს ქალაქში შესვლის და ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის საშუალებას. მარიუპოლში ერთადერთი ადგილი, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, აზოვსტალის ქარხანაა, სადაც ახლა მებრძოლები და დაჭრილი ჯარისკაცები იმყოფებიან.

მარიუპოლის სრულად აღების შემთხვევაში რუსეთს ექნება პირდაპირი გასასვლელი ანექსირებული ყირიმისკენ, სწორედ ამიტომ არის ამ ქალაქის დაპყრობა მნიშვნელოვანი აგრესორისთვის. 


close დახურვა