დადგინდა, თუ ვისგან დაინფიცირდა მარნეულში მცხოვრები ქალი, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძის თქმით, შუა ხნის ქალი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, მისი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა, რომელიც მანამდე სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საქართველოში. როგორც იმნაძემ განმარტა, ამ ეტაპზე მარნეულში ყველა საჭირო შემოწმება მიმდინარეობს.
"ბოლნისსა და მარნეულში 80 ადამიანის ანალიზები ვიცით უკვე, ეს არის ახლო კონტაქტები და ასევე შესაძლო კონტაქტები. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო დადგენილი გვყავს. დაინფიცირების წყარო არის მისი ოჯახის წევრი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. დამატებითი სეკვენირება უნდა გაკეთდეს. უნდა დავადგინოთ როდის მოხდა ვირუსის გადაცემა და ასე შემდეგ. მარნეულის რაიონში ფართო გავრცელება ვირუსის არ გვაქვს. ყველა ვინც დადებითია ამ ქალბატონის ოჯახის კონტაქტებს უკავშირდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.