მარნეულის შესასვლელთან სიტუაცია კვლავ უცვლელია - გადაკეტილია ტერიტორია, სადაც არ უშვებენ ადამიანებს. შესვლის უფლება მხოლოდ სადისტრიბუციო ავტომობილებს აქვთ, რომლებიც მაღაზიებს პირველადი საჭიროების პროდუქტებით ამარაგებენ.
მარნეულის ტერიროტიაზე შესვლისა და გამოსვლის დროს ავტომობილებს გამშვებ პუნქტებზე დეზინფექცია უწევთ. ტერიტორიაზე შესვლის უფლება სატრანზიტო ავტომობილებსაც აქვთ, თუმცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩერების უფლება არ აქვთ.
შესვლის უფლება მედიკოსებსაც აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ უკვე დღეიდან სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყება მარნეულის მოსახლეობისთვის. ექიმის განცხადებით, კლინიკებში მოქალაქეების მიმართვიანობა მაღალია.
იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ გადაეკვეთათ ტერიტორია, გუშინ, მარნეულის გამშვებ პუნქტთან მავთულხლართების დამონტაჟება გახდა საჭირო. მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული, შესვლის უფლება არ აქვთ, არც მედიის წარმომადგენლებს. ტერიტორიაზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.