logo
ENG



მარნეულის მოსახლეობა ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობაზე საუბრობს

27 მარ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის მერი ზაურ დარგალი და რაიონის რწმუნებული ამტკიცებს, რომ მოსახლეობის ინფორმირება ხდება აქტიურად და ორენოვანი ბუკლეტების დარიგება მიმდინარეობს. იქ მცხოვრები ადამიანები კი საპირისპიროს აცხადებენ, და ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ თუ რა მდგომარეობაა ამ დროისთვის მარნეულში და რა საფრთხის წინაშე დგას მარნეულის ტერიტორია. სწორედ ამიტომ მოსახლეობაში ერთგვარი პანიკაა შექმნილი.

მედპერსონალი ამბობს, რომ მარნეულში საეჭვო სიმპტომებით 16 პაციენტი ჰყავთ. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლსაც კოვიდ 19-თვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. სწორედ ამიტომ ამ ადამიანთან ეპიდემიოლოგები ჩაერთვებიან და მისი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება, რომელიც სავარაუდოდ საღამოსკენ იქნება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში უსაფრთხოების წესების დაცვა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები სრულიად აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც გამშვებ პუნქტთან არიან მობილიზებულები მედიას ხელს უშლიან და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას ზღუდავენ.

უკვე მეხუთე დღეა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო ზონაა გამოცხადებული. მარნეულის ტერიტორიაზე მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური შემოწმების შემდეგ უშვებენ. 

ქალაქის შესასვლელში დეზინფექციის ჩატარებას და ტერიტორიაზე შესვლას რამდენიმე ავტომობილი ელოდება.


close დახურვა