შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა - 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვია.
"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. აღნიშნული ფაქტის გამო, საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს", - წერია შსს-ს განცხადებაში.
***
26 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა. გარდა ამისა, უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებელს, რომელიც დარღვევას იღებდა.