პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ მარნეულში, კორონავირუსი დაუდგინდა, კრიტიკულად მძიმეა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, მის მდგომარეობას დამატებითი დაავადებები ართულებს.
"ამ ეტაპზე კლინიკაში 56 პაციენტი გვყავს. რაც შეეხება პაციენტების ზოგად მდგომარეობას, ჩვენ კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. 5 მათგანს აქვს მწვავე პნევმონია. მათი მდგომაროება არის მძიმე, მაგრამ მართვადი.
რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც არის მარნეულიდან გადმოყვანილი, მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კრიტიკულია, ვინაიდან დატვირთული არის სომატურად ანამნეზით. აქვს შაქრის დიაბეტი, გულსისხლძარღვთა ქრონიკული პათოლოგია და სხვა. მოგეხსენებათ, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, ასეთი ადამიანები მიეკუთვნება კლასს, რომელსაც ვირუსი უფრო რთულად გადააქვს. ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს და ქალბატონი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ არის. ის კლინიკაში შევიდა 18 მარტს. მას დაუდასტურდა პნევმონია. დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების დროს, ჩატარდა ტესტი ვირუსზე. პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული", - განაცხადა რატიანმა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმებს მიმართონ.