logo
ENG



მარნეულში წყლისა და აფთიაქების არარსებობა უდიდესი გამოწვევაა - EMC

25 მარ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

​ადამიანის უფლებების სწავლებისა  და მონიტორინგის ცენტრი მარნეულში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. EMC-ის  განცხადებით,  მათი მხრიდან მუდმივად ხორციელდება  ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში  კვლევები, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების უმეტესობაში არის სასმელ და სამომხმარებლო წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. უდიდესი გამოწვევაა სოფლებში აფთიაქების არ არსებობა.

„სოფლებში წყალი მოდის ორჯერ, კონკრეტულ საათებში. მოსახლეობას რიგებში დგომა უწევთ. სოფლებში არ არსებობს აფთიაქები - როცა მოსახლეობას ვეუბნებით, რომ გამოიყენონ პირბადე, ანტისანიტაიზერი. ამ სოფლებში არ არსებობს აფთიაქები და ამიტომ მოსახლეობა იძულებულია სხვა სოფლებში წავიდეს", - ამბობს EMC-ის მკვლევარი, ქამრან მამედლი.

EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კარანტინში მცხოვრებ მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების სამედიცინო მედიკამენტებზე, საკვებზე, სუფთა წყალსა და სხვა ჰუმანიტარულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

„ამ სოფლებში მოკვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ ინფრასტრუქტურა პრობლემაა. არ არის წყალი, ბევრგან პრობლემურია სარწყავი წყალიც კი. არ არის აფთიაქები, მხოლოდ მცირე მაღაზიებია. სახელმწიფოსადმი მთავარი მოთხოვნაა ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაძლიერება. იზოლაციის პირობებში საბაზისო საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებათ", - ამბობს თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში 23 მარტიდან საკარანტინო ზომები მოქმედებს - მუნიციპალიტეტები და სოფლები ჩაკეტილია, მიმოსვლა - შეზღუდული.


close დახურვა