მატროსოვის ციხიდან რუსთავში გადაყვანილი პატიმრების მდგომარეობას სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. მაისიდან მაღალი თანამდებობის პირებისთვის სპეციალიზირებული საპყრობილე იხურება, თუმცა პატიმრების გადაყვანა დაჩქარებულად და ერთი თვით ადრე მოხდა.
ამის შესახებ არ იცოდნენ პატიმრების ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა. პოლიტიკოსებისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა საერთო ციხეში გადაყვანას სარისკოდ მიიჩნევენ ოპოზიციაში. უგულავას და ახალაიას უფლებადამცველები ამ დრომდე არკვევენ, დაკავებულთა ადგილსამყოფელს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმართა ნაჩქარევი ეტაპირება ე.წ. მატროსოვის ციხეში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება, რადგან დაინფიცირებულია ერთ-ერთი ბადრაგის ოჯახის წევრი. ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამსახური უარყოფს, იუსტიციის მინისტრის დღევანდელი განმარტებების მერე კი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი რჩება.