საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, პალიასტომის ტბაზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში იპოვეს.
მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს გახდა ცნობილი. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის პირის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც.
თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე, საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც იმართებოდა საძიებო სამუშაოები. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.
სამკვირიანი, უწყვეტი სამუშაოების შედეგად, დღეს მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.