პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურასთან პარტია „გამარჯვებული საქართველოს" დაკავებული ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს და ყველა გზას მიმართავს, რათა პოზიციები არ დათმოს.
მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას რესურსი არ გააჩნია. თემირლანის მამა აქციაზე მისი შვილის საქმის პასუხგაუცემელ კითხვებზე საუბრობს და ოფიციალური პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„რომც არა ირაკლი ოქრუაშვილისა და დაჭერილი გიორგი რურუას საქმე, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ჩადის და იყენებს ამ პატიოსან ბიჭებს იმისთვის, რომ თავიანთი სიბინძურე გაიტანოს და დარჩნენ ხელისუფლებაში. მეტი რესურსი ხელისუფლებას არ გააჩნია. პროკურატურას კლიტე ბოქლომი კი არა, ვიცი რაც უნდა დაადო, ღმერთო მიშველე საქართველოს სიყვარულით. შე დედა . . . . პროკურორო, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ კორექტულად ვისაუბრო და პატივი ვცე მთელ საქართველოს. მე აქ მოვედი, რომ პროკურატურას ბოქლომი კი არა, შავი ჭირი დავადო. ეს ყველაფერი თემირლანის ოჯახში ჩადენილმა სპეცოპერაციამ წამოიწყო. სუს-ში, ამ ამოსაწყვეტ პროკურატურაში იმაზე საუბრობენ, რომ კი არ იყო დამნაშავე და ჩავიდინეთ დანაშაული, მაგრამ ამ ყველაფრის ხალხის წინაშე აღიარება არ შეგვიძლია. „ნაციონალები" თავზე დაგვამხობენო ამ ხელისუფლებას, ჩემი რა ბრალია თუ ისინი დაგამხობენ. მე გამეცით პასუხი," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურასთან პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.