logo
ENG



მაჩალიკაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებაზე: ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ იყო

28 იან 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი თქმით, სხვა მოლოდინი არც ჰქონია და არც პროკურატურის გადაწყვეტილება გაჰკვირვებია. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ბრძოლას აგრძელებს და ქუჩის პროტესტიც კვლავ გაგრძელდება.

„პირველი დღიდან ამას იძახდნენ და დღეს ორი წლის მერე ამხელა ჩემი ბრძოლის შემდეგ, ამდენი წინააღმდეგობის გაწევის მერე, ამ უსამართლო სისტემის წინააღმდეგ, ჩვენ რას მოველოდით, ეს სისტემა ჩემს სასარგებლოდ იტყოდა რამეს?! მე არასოდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ არ მქონია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, ხელყუმბარა არის შემოტანილი, ჰყავდათ სამი საათის განმავლობაში სპეცრაზმელებს ხელში, სამი საათის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი იარაღის ქვეშ მძევლად ვიყავით აყვანილები, ამ სამი საათის განმავლობაში შეეცადნენ გადაეტანათ თითის ანაბეჭდები, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა და გადაიტანეს ოფლისა და დეენემის ანაბეჭდები. ბრძოლის გეგმა ის არის რომ გავაგრძელო ბრძოლა და ვაღიარებინო დღევანდელ ხელისუფლებას ეს დანაშაული“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ ხელისუფლების ოპონენტებიც, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს პროცესები გვაჩვენებს იმას თუ რამდენი რამ არის ქვეყანაში შესაცვლელი მართლმსაჯულების კუთხით, მისივე თქმით რადიკალური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ივანიშვილის მთავრობა აღარ იქნება.

„ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული იმით, როგორ იყო დაგეგმილი ოპერაცია და უკვე შემდეგ უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და გარემოების წარმოჩენა ყალბად. ეს გვახსენებს იმას რამდენი რამე გვაქვს შესაცვლელი ქვეყანაში, მას შემდეგ რაც ივანიშვილს ჩამოვაცილებთ, ამის შემდეგ არის ჩასატარებელი რადიკალური რეფორმა მართლმსაჯულების, რათა მსგავსი შესაძლებლობა არცერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგში განიხილება და პროკურატურას კვლავ მოუწევს საქმის განახლება, იმისთვის რომ სიმართლე დადგინდეს

„სამარცხვინო ის არის, უნიჭოდ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა, სრულიად უდანაშაულო საქართველოს მოქალაქე. ერთადერთ ნივთმტკიცებად გასაღებული იყო ხელყუმბარა, რომელიც შემდეგ მოსპეს და რომელიც 20 მეტრში იყო სისხლის გუბეში მოცურავე თემირლან მაჩალიკაშვილისგან მოშორებით. სტრასბურგში საქმე განიხილება, ამიტომ პროკურატურამ რაც უნდა ის ქნას, მაგრამ აუცილებლად მოუწევს საქმის განახლება იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე“,-გრიგოლ ვაშაძე.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, უშიშროებამ პარლამენტში მასალა წარმოადგინა, რაც მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრის კავშირს ადასტურებს ტერორისტულ კავშირთან.

„საკმაოდ დასაბუთებული მასალა წარმოადგინა უშიშროებამ პარლამენტში, მასალა არის ძალიან მძიმე და პირდაპირ ადასტურებს ამ ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან რასაც შეეწირა ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრი. ძალიან განვიცდი ადამიანის სიკვდილს, როგორ ვითარებაშიც არ უნდა იყოს მითუმეტეს საქართველოს მოქალაქე და ჩვენთვის სიახლეა ტერორისტული ფაქტი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ასეთი მასშტაბი“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.


close დახურვა