logo
ENG



მაჩალიკაშვილს შენობაში შესვლა პარლამენტის თავმჯდომარემ აუკრძალა

29 იან 202020:07
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველებისა და ექიმების მობილიზაცია მოჰყვა პარლამენტთან შვილმოკლული მამის სურვილს, საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გაემართა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დახურვის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას აპირებდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შენობაში შესვლა პარლამენტის თავმჯდომარემ აუკრძალა. მიზეზად კი მმართველ გუნდში მოსალოდნელი პროვოკაციის რისკები დაასახელეს. უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია. მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კომისიის შექმნის ხელისუფლებაში ეშინიათ, რადგან მისი შვილის საქმე, „ქართულ ოცნებას“ გადაიყოლებს. მაჩალიკაშვილი საქმეზე სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლას არ წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა გონება პარლამენტის შესასვლელთან იმ დროს დაკარგა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში ის, დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად,  ბრიფინგის ჩასატარებლად არ შეუშვეს. ბრიფინგი ჩაიშალა, შეხლა-შემოხლის დროს კი მაჩალიკაშვილი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავას პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი ჰქონდათ დაგეგმილი. პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას პარლამენტისთვის კიდევ ერთხელ მიმართვა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა სურდა, მას შემდეგ , რაც პროკურატურამ საქმე დახურა.

პარლამენტში შესულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ახსნა-განმარტების მიღება პარლამენტის თავმჯდომარისგან სცადა. თუმცა არჩილ, თალაკვაძე  გადატვირთული დღის განრიგის საბაბით კოლეგას არ შეხვდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვიცე სპიკერების კაბინეტები ჩამოიარა, გაირკვა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა პარლამენტის თავმჯდომარემ აუკრძალა. მიზეზად მოსალოდნელი პროვოკაციის რისკები დაუსახელეს. ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ კითხვებს პასუხები საგამოძიებო უწყებამ უკვე გასცა, ამიტომ კომისია პარლამენტში არ შეიქმნება.

პარლამენტს  გარეთ დარჩენილმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა მხარდამჭერ დეპუტატებთან ერთად, ქართული ოცნებიდან ოპოზიციაში წასულებს მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა.

ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს , თუმცა როგორც აღმოჩნდა, "ქართული ოცნებიდან " წასულების ნაწილი ამის აზრს ვერ ხედავს.

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, 2 წლიანი გამოძიების შემდეგ, პროკურატურამ გუშინ დახურა. გამოძიების ვერსიით, მის მკვლელობას დამნაშავეები არ ჰყავს.


close დახურვა