თვითდასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში დღეს განმარტებები გაკეთდა. თვითდასაქმებულები პირობითად ორ კატეგორიად - რეგისტრირებულებად და არარეგისტრირებულებად. რეგისტრირებულებს კომპენსაციის მიღების კუთხით პრობლემები არ შეექმნებათ, ხოლო რაც შეეხება არარეგისტრირებულებს, მათ შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარინმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საკითხით ხშირად სპეკულირება ხდება. მისი თქმით, სამინისტრო ცდილობს, მაქსიმალურად რბილად მიუდგეს იმ მოქალაქეებს, რომლებისთვისაც დოკუმენტაციის წარდგენა გართულებულია.
„ე.წ. თვითდასაქმებულების ჯგუფთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში სპეკულირება ხდება. ამ ჯგუფის მიმართ ჩვენ გვაქვს შესაბამისი მიდგომა, ეს არის გამარტივებული გზა, თუ როგორ უნდა დაადასტურონ ამ ფიზიკურმა პირებმა რომ იღებდნენ შემოსავალს ამ კრიზისამდე. თუმცა, არის ჯგუფი ადამიანების, რომლისთვისაც ცოტა უფრო გართულებულია დადასტურება იმისა, რომ ღებულობდნენ შემოსავლებს და აქ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად რბილი მიდგომები გვქონდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
საკითხთან დაკავშირებით განმარტებები ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ თუ ფიზიკური პირები მინიმალურ დოკუმენტაციასაც კი ვერ წარადგენენ, კომპენსაციის გაცემა ვერ მოხდება.
„თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ყველა ვხვდებით, რომ ეს არის საკმაოდ რთული კატეგორია თვითდასაქმებულებისა, რომელთა იდენტიფიცირებაც არის შედარებით რთული, ვიდრე რეგისტრირებულებისა, თუმცა არ არის ეს შეუძლებელი. ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. მაგალითისთვის, როგორიც არის შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი. იურიდიულ პირებს ამ დოკუმენტის შენახვის ვალდებულება აქვთ 3 წლის განმავლობაში და შესაბამისად, თუ მათთან ფიზიკურ პირებს რაიმე ფორმით ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ესეთი ტიპის დოკუმენტებში აუცილებლად დაფიქსირდებოდნენ. თუ აბსოლუტურად ვერანაირი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ მოხდება, ასეთი პირები ვერ მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას“, - განაცხადა ხუციშვილმა.
300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულებმა სპეციალური ფორმა 2 ივლისამდე უნდა შეავსონ. დაქირავებული თანამშრომლები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასი ერთხელ მაინც აქვთ აღებული და შემდგომ თვეებში ხელფასი აღარ აუღიათ.