ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველო, კორონავირუსის პანდემიის დროს მოსახლეობის დახმარებით აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებს არ ჩამოუვარდება.
ერთპარტიულ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს ქვეყნის 2021 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, მაჭავარიანმა თქვა, რომ "გავა წლები და საქართველოს მიერ შემუშავებულ პაკეტებს მაღალი შეფასება ექნება". მისი განცხადებით, აშშ- და ევროპის ქვეყნები შესაძლოა მოსახლეობას მეტ თანხას აძლევენ, მაგრამ არ დგამენ იმაზე უკეთეს ნაბიჯებს, "იმ მიმართულებების აღმოჩენით რომლებიც მათ გააკეთეს".
"შეიძლება აშშ და ევროპის ქვეყნები უკეთესს აკეთებენ თანხით, ზომით, მაგრამ არა იმ მიმართულებების აღმოჩენით რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ. შეგიძლიათ ნახოთ სტიმულირების პაკეტი, რომელიც კონგრესმა მიიღო, 600$-ს ურიგებს მოსახლეობის დიდ ნაწილს. შეგიძლიათ ნახოთ ინგლისმა რა გააკეთა გაზაფხულზე - ჩვენ როცა ვნახეთ, გაგვეცინა, ერთი კვირით ადრე გვქონდა დაანონსებული მსგავსი პაკეტი". - თქვა მაჭავარიანმა.
გაზაფხულზე ადამიანებმა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარი მიიღეს. მაჭავარიანმა ეს დახმარება აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებას შეადარა.
"ჩვენი ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ უკეთესი შეიძლებოდა. უკეთესი თანხობრივად? ზომით? კი ბატონო, მაგრამ რესურსი სხვა რესურსია როცა აშშ-ში 600$-ს არიგებენ, კი ბატონო, მეორედ, პირველად 1200$ დაარიგეს. ჩვენ 1200-იანს ვარიგებთ, ერთხელ ვქენით 6 თვის განმავლობაში. ეს არ არის პატარა ამბავი. ნუ გავიწყდებათ, რომ აშშ-ში დოლარი აქვთ და სარეზერვო ვალუტაა. პრაქტიკულად, მათი სივრცე არის შეუზღუდავი. ჩვენ არ გვაქვს ეგ, ამიტომ შევადაროთ, იმათთან შედარებითაც საკმაოდ სოლიდურად გამოვიყურებით".