ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პარლამენტში.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, არასდროს ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვა და დამტკიცება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს და ერთ რამეს გეტყვით - არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, მგონია, რომ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. ბიუჯეტის აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, პანდემიისა და კრიზისის პერიოდში, როგორც არასდროს.
თუ, ღმერთმა დაიფაროს და ბიუჯეტის მიღება არ ხდება, ავტომატური მოდელი ერთვება და არ არის ეს კარგი. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიუჯეტი, იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტზე და სწორ განაწილებაზე 2021 წლისთვის, ბევრი რამ არის დამოკიდებული, პრაქტიკულად ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ბევრის არსებობასა და ყოფას ეხება და ამ დისკუსიაში მონაწილეობა ყველას ვალია. არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება და ლეგიტიმაცია, როგორც ახლა.
როცა ამბობენ, მათ შორის ოპოზიციიდანაც ისმის, რომ ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ, პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, თანაც აქტიური", - თქვა მაჭავარიანმა.
ყველა ოპოზიციური ძალა საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ისინი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.