logo
ENG



მაჭარაშვილი: შოვის საკითხი ისევ წამოწია ოპოზიციამ, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად გაკოტრებულია

24 ოქტ 202314:28
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება. მისი თქმით, "აღნიშნული საკითხის წამოწევა ოპოზიციის გაკოტრებაზე მიანიშნებს".

"შოვის საკითხი კიდევ წამოწია ოპოზიციამ, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად გაკოტრებულია. პარლამენტის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომ იტყვიან, პუნქტობრივად უპასუხეს ყველა იმ კითხვას, რომელიც იყო საზოგადოებაში და რომელიც მათ შორის დასვა რადიკალურმა ოპოზიციამ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ დაწყებულია მოკვლევა და თუ რაიმე ტიპის სხვა მტკიცებულებები არსებობს, ამას აქამდე გამოაჩენდა ოპოზიცია", - ამბობს მაჭარაშვილი.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, შოვის ტრაგედიის გამოძიების საქმეზე დეტალურ ინფორმაციას და მასალებს პროკურატურა საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიაწვდის. შოთაძე ამბობს, რომ გამოძიება ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს.

ტრაგედიის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა ნოემბრიდან დაიწყებს. კომისიის შექმნას მხარს, სავარაუდოდ, არ დაუჭერენ ქართული ოცნების წევრები. მმართველი პარტიის თქმით, დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და გამოსაძიებელი არაფერია.

ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. 

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.

რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".


close დახურვა