logo
ENG



მახარაძის თქმით, ალტ-ინფო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას

11 ივნ 202400:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/t02axxn6r66l5wb.jpg

ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერი ზურა მახარაძე ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია პატრიოტთა ალიანსის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

მახარაძემ ამაზე ალტ-ინფოს ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსთან "ძირითად, ფუნდამენტურ და პრინციპულ" საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია.

მახარაძის თქმითვე, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები "სხვა კონსერვატიულ ძალებთან" და პატრიოტთა ალიანსის მეშვეობით "დიდი ეროვნული ერთობა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში".

"ჩვენ პატრიოტთა ალიანსთან გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები. ვსაუბრობდით. მათი ხედვაც არის ანალოგიური, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს. ამ მიმართულებით ხდება მუშაობა, ამ წუთებშიც მიდის მუშაობა, ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია - ფუნდამენტური, პრინციპული ძირითადი შეთანხმება შედგა. მიდის დეტალებზე მუშაობა.

სხვა კონსერვატიულ ძალებთანაც მიდის მუშაობა და მე რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, არის შემდეგო - ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში. მარტო ჩვენ არა, კონსერვატიულ ფლანგზე ვინც არის მეტ-ნაკლებად წონიანი, მართლა კონსერვატიული ძალა, გაერთიანდება და პატრიოტთა ალიანსის პარტიის მეშვეობით ეს დიდი ეროვნული ერთობა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში"- თქვა მახარაძემ.

8 აპრილს საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა გააუქმა.  პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

პარტია რეესტრში 2021 წლის იყო დარეგისტრირებული.


close დახურვა