მმართველი გუნდი კომპრომისზე საუბრობს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მათი შეთავაზება არჩევნების 100/50-ზე პრინციპით ჩატარებასთან დაკავშირებით საბოლოოა და ცვლილებას არ ექვემდებარება.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ისინი ამ კომპრომისზე საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების ფონზე მიდიან.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკა მისაღებია, თუმცა ქვეყანას ვერავინ მიუთითებს, როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეს.
„თუკი საპარლამენტო უმრავლესობაში და ოპოზიციურ სპექტრში, რომლებიც წარმოდგენილი არიან მეცხრე მოწვევის პარლამენტში, იქნება შესაძლებელი, რომ აღნიშნული ხმათა რაოდენობა შეგროვდეს, რა თქმა უნდა მე გადაწყვეტილებას დავემორჩილები, თუმცა პირადად მხარს არ დავუჭერ, რომ უფრო მეტად წავიდეთ სიღრმეში და მიახლოებული და მახინჯი სისტემა, პროპორციული შემოვიღოთ. კრიტიკა ამ მიმართულებით არის მისაღები, ხოლო სისტემა როგორი უნდა გვქონდეს, ამას ვერავინ მოგვიწოდებს, რადგან ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ჩვენმა პარლამენტმა ეს კონსტიტუციაშიც ასახა“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს ოპოზიციას დიალოგის რეჟიმში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მან უგულავას საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს კრიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოტანილი განაჩენის და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა. მმართველი გუნდის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოპოზიცია. მათ აღნიშნეს, რომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.