ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი განხორციელდა. ამჯერად მგზავრები რომიდან ჩამოვიდნენ. მათგან ერთი მგზავრი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ტემპერატურა არ აღენიშნებოდა, თუმცა გასაუბრების შედეგად მედიკოსებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
რომიდან სულ 122 ადამიანი ჩამოვიდა. ისინი ამბობენ, რომ სამედიცინო შემოწმება როგორც რომში, ასევე ქუთაისშიც გაიარეს. ყველა აღნიშნავს, რომ იტალიაში პანიკა არ შეინიშნება. მათი განცხადებით, პანიკის ნიშნები საქართველოში უფრო იგრძნობა.
„არაფერი ხდება რომში. „მასკიანსაც“ თუ ნახავ, ათასში ერთხელ. არანაირი შემოწმება გაგვივლია. მაქსიმუმ ტემპერატურა გაგიზომონ, ისიც კამერით, ჩვენთანაც ტემპერატურა გაგვიზომეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.
ანანო ბედიაშვილი კი ამბობს, რომ იტალიის დედაქალაქში არაფერი ხდება, ხოლო თბილისის აეროპორტს უკეთესი მობილიზება სჭირდება.
„აქ უფრო დიდი პანიკაა, ვიდრე იქ. აბსოლუტურად არაფერი ხდება რომში. უკეთესი მობილიზება რომ იყოს, კარგი იქნებოდა. ამდენი კაცი ჩამოფრინდა და ერთი კარია ღია. მობილიზება სხვანაირი მესმის, გააკეთონ რამდენიმე კარი და არ დააყენონ რიგები. პაციენტებს კეთროვნებივით ღებულობენ, ეს შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა ბედიაშვილმა.