logo
ENG



მდინარაძე: 10 პროცენტს იმასაც ვუშვებ, რომ კვარაცხელიას ბანკში ყოფნა დამთხვევა იყო

22 ოქტ 202000:48
3 წუთის საკითხავი
 
41mnvkub7cctr0c.jpg

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აცხადებს, რომ ტერორისტული თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია შენობაში შემთხვევით მოხვდა. 

მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში ყოფნისას დაწვრილებით მიმოიხილა ირაკლი კვარაცხელიას კარიერული და პოლიტიკური წარსული:

"შიგნით აღმოჩნდა ადამიანი, როგორც ფეისბუქპოსტიდან გავიგე, ამაზე პასუხს ვერ ვაგებ, ყოველ შემთხვევაში, იწერება ასე, გვარამიას ბავშვობის მეგობარი, რომელიც ნიკა გვარამიას კარგად იცნობს და რომელზეც გვარამია ამბობს, რომ არ ვიცნობო და არ ვიცი ეს ასეა, თუ არა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია და ნუ, დავარქვათ ამას დამთხვევა. ეს დამთხვევა არსებობს. 

ახლა, ეს დამთხვევაა თუ არა ვარკვიოთ მომდევნო დღეების განმავლობაში. ახლა ეს ასე აღმოჩნდა, ზუგდიდში აქტიური მხარდამჭერი, აქტიური, თავისი არსით, მოქმედებებით, კონკრეტული პოსტებით, გვარამიას ოჯახთან აღმოჩნდა, თურმე ახლობლური კავშირით, მერიაში მუშაობით, როდესაც უგულავა იყო მისი უფროსი და ასე შემდეგ, აღმოჩნდა იქ", - თქვა მდინარაძემ

დღეს Facebook-ში ქართული ოცნების მხარდამჭერები და ყალბი ფეისბუქანგარიშები აქტიურად მიუთითებდნენ იმაზე, რომ ტერორისტული თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო დადგმული.

მაგალითისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ბონდო მძინარაშვილმა ტერორისტულ თავდასხმას "ნაცსექტის მიერ დადგმული ტერაქტ-სპექტაკლი" უწოდა, 19 მძევალი კი "სპექტაკლის" მონაწილედ გამოაცხადა. 

აგორებული კამპანიის პარალელურად, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და ყალბმა ფეისბუქანგარიშებმა მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია თავდასხმის თანამონაწილედ შერაცხეს. 

სწორედ კვარაცხელია იყო ის პირი, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, მთავარი არხის დირექტორს დაუკავშირდა და მას პირდაპირ ეთერში ჩართვა სთხოვა. გვარამიას თქმით, კვარაცხელიამ მას განუცხადა, რომ თავდამსხმელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. 

მამუკა მდინარაძე კი იმედის ეთერში აცხადებს, რომ კვარაცხელიას შენობაში ყოფნის საკითხი მომავალი დღეების განმავლობაში უნდა გაირკვეს, თუმცა მისი განცხადებები მიუთითებს, რომ მდინარაძე ირაკლი კვარაცხელიას შენობაში ყოფნას დამთხვევად არ მიიჩნევს. 

"ეს შემთხვევითი იყო თუ არა, ვიღაცას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ფეისბუკში. დღეს მე თუ მკითხავთ, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ამას დღეს დავანებოთ თავი, ეს ფაქტი შედგა. ხვალ და ზეგ ეს ამბავი გაირკვევა უამრავი ჭორ-მართალი მოჰყვება. 

შენ, ადამიანს, რომელიც გამოდიხარ და სხვა რაღაცებისთვის იყენებ, სიტუაციის დასაძაბად, ასარევად ქაოსისთვის იყენებ კრიმინალურ ქეისს, საპოლიციო მოქმედებები რომ არ დამთავრებულა, ამ დროს რომ გიკვირს, ვიღაცამ  თქვა ეს კაცი როგორ აღმოჩნდა იქ, რაშია საქმეო, ამაშია შეუსაბამობა, სხვა კი არაფერი. მე 1 პროცენტს და 10 პროცენტს იმასაც ვუშვებ, რომ ეს დამთხვევა იყო", - ამბობს მდინარაძე. 

თავდამსხმელმა ირაკლი კვარაცხელია დანარჩენ მძევლებთან ერთად მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც საინკასაციო მანქანამ მას მოთხოვნილი ფული გადასცა. ამ წუთის მდგომარეობით, თავდამსმხელი სამ მძევალთან ერთად პოლიციის მანქანით დაუდგენელი მიმართულებით გადაადგილდება. 

თავდამსხმელს ერთ-ერთ მძევლად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა ჰყავს აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გალდავა ერთ-ერთ მძევალს ნებაყოფლობით ჩაენაცვლა. 

 


close დახურვა