logo
ENG



მდინარაძე: არავითარი გაყალბება არ მომხდარა, უმრავლეს შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზი იყო

06 ნოე 202015:33
3 წუთის საკითხავი
 
zxm8wbfc2kkfb53.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და უმრავლეს შემთხვევაში საქმე ტექნიკურ ხარვეზს ეხებოდა. 

მდინარაძე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, დარღვევებთან დაკავშირებით დაიწერა მინიმალური რაოდენობის საჩივრები. 

"საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ,  რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მით უმეტეს, რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა", - აცხადებს მდინარაძე. 

მდინარაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიზანია, რომ  არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს, რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე რევოლუციური სცენარი განავითარონ.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური უზუსტობების მიუხედავად, კომისიები მათ მიერ შედგენილ საჩივრებს არ იხილავენ.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს სავსებით შესაძლებელია გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით კი, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯამში, 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.

 

 

 


close დახურვა