პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები დაარღვევენ კანონს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.
„ხელისუფლების გეგმაა, რაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება. უნდა აღსრულდეს კანონი. თუ ვინმე არ დაარღვევს კანონს, მას უნდა მიეცეს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც არასდროს. თუ ვინმე მოახდენს, მაგალითად, პარლამენტის პიკეტირებას, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. თუ დაარღვევენ კანონს პროტესტანტები, სახელმწიფო ადეკვატურად იმოქმედებს. ჩვენ სამართალდამცავებს მოვუწოდეთ, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ადამიანების ჯანმრთელობას, ესაა ჩვენი ვალი. მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია, რომ არ დაუშვას სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირება. საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია „ერთად, ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას ითხოვს. კერძოდ, ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით.
ამავდროულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკითხი დახურულია და 2020 წელს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება.