ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭირო დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათამდე დასრულდება.
"ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის მხრივ, შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ, ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისი დასკვნისთვის", - ამბობს მდინარაძე.
ამასთან, მდინარაძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ზურაბიშვილი "შანტაჟს დაექვემდაებარება" და ამის გამო შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
"მიუხედავად ყველაფრისა, მე არ მგონია, ხომ არის რაღაც ზღვარი და ზღვარს იქით მოქმედებები, სალომე ზურაბიშვილის დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსიც ალბათ პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. ანუ, მოქმედი პრეზიდენტი რომ იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა. აი, ამ ყველაფრის მიუხედავად. ამიტომ, ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს.
თუმცა, რამდენად მორალურია ნაციონალური მოძრაობის საქციელი, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს, თუ ეს დაადასტურეს, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენ აზრად არ მოგვსვლია შეიძლება ზედმეტი იყოს და შეიძლება რისკებში, როდესაც ადამიანები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თვლიან, თუმცა ამ რისკის დაზღვევა ის არის, რომ შეუძლებელია პოლიტიკოსი და ზოგადად, ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს და ჩემი სკამის გულისთვის მე ვიწყალებ პრეზიდენტს - ეს თქვას, წარმოუდგენელი ამბავია", - აღნიშნა მან.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.