logo
ENG



მდინარაძე: იყო პარლამენტის ბლოკირების მცდელობა, საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე

26 ნოე 201911:15
3 წუთის საკითხავი
 
mh4lt2qzhgp4rxh.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსთაველის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის ბლოკკირება, რაც დანაშაულია. მდინარაძის თქმით, სამართალდამცველებმა დღეს გამთენიისას დანაშაულის პრევენცია მოახდინეს.

„იყო პარლამენტის ბლოკირების მცდელობა. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე. პოლიცია ვალდებულია მოახდინოს დანაშაულის პრევენცია. წინა შემთხვევაში გვქონდა ფაქტები სხვადასხვა საგნებით ნაცმოძრაობის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ არ ვართ მოწოდებულები, რომ მაინცდამაინც ეს ვიღაცამ მოახდინოს და ჩაიდინოს, არამედ კეთდება პრევენცია. პრევენციის ვალდებულება გააჩნიათ სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი ახორციელებენ პრევენციას", - განაცხადა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 28, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული. უწყების ცნობით, 1 მოქალაქე ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, 1 ამტელ ჰოსპიტალსში და 2 - ინგოროყვაში

 


close დახურვა