ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. დღეს, 29 სექტემბერს მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს მომხდარის მისი ვერსია გააცნო.
"მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ქართული ოცნების შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.
ამის შემდეგ, ცესკო-ს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან (ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს), რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება", - ამბობს მდინარაძე.
ადგილობრივი რადიო მარნეულის ცნობით, მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მათივე ცნობით, მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მარნეულის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის გასამართად მივიდა.