პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილი მსგავსად, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის მეგობარს და ტენდენციურს უწოდებს.
მდინარაძისვე თქმით, ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას ისედაც ვერ ატარებდა ხალხის სიმცირის გამო და, შესაბამისად, დემონსტრაციის გადადებაში კომპრომისს ვერ ხედავს.
"ორმაგი სტანდარტია: კომპრომისი არ ყოფილა თურმე საარჩევნო, ისტორიული რეფორმა. კომპრომისი არ ყოფილა თურმე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თუკი ერთპროცენტიანი გადახრა იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ და კომპრომისი ყოფილა იმ აქციის გადადება, რომელსაც ისედაც ვერ ატარებდნენ. ხალხს ვერ კრებდნენ, აქციას ვერ ატარებდნენ. იხმეს მეგობარი, ათქმევინეს, ფასილიტატორის როლს მე ვითამაშებო და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩისგან დამოუკიდებლად იტვირთა ფუნქცია. გამოდის ნაცმოძრაობის ოფისიდან ბრიფინგით. არანაირი კომპრომისი ეს არაა. რაც შეეხება მის მეგობრობას - ამ ადამიანს როცა ჰკითხეს, შეხვდა თუ არას სააკაშვილს, პასუხი არ გასცა და მეგობრებთან შეხვედრის უფლებაზე საუბრობდა. ამ ადამიანის ტენდენციურობა ნათლად გამოჩნდა", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გაადგომისა და ნიკა მელიას დაკავების "გადადების" შემდეგ ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო - მათი განცხადებით, ისინი ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობენ და აქციის გაუქმებაც სწორად ამას უკავშირდება.
ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთხელ თქვა, რომ არსებული კრიზისის განსამუხტად აუცილებელია დიალოგი. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის - ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. პავილიონისისვე განცხადებით, ეს აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის.
პავილიონისის შესახებ პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იხილეთ აქ.