ოპოზიციის გეგმებს აფასებენ უმრავლესობის წარმომადგენლები. მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს გაუგებარს უწოდებს. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ოპოზიცია მოსახლეობას ატყუებდა და ეს გერმანული მოდელი არაა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციას იმისთგის, რომ თავადვე აღიარეს, რომ თურმე არანაირ გერმანულ მოდელზე საუბარი არ ყოფილა მთელი ეს პერიოდი. თავადვე იცოდნენ თავიდან და ისინი ატყუებდნენ მთელ საზოგადოებას, რომ გერმანულ მოდელზე იყო საუბარი. დღეს თქვეს, რომ ქართული მოდიფიცირებული ვარიანტიაო. ამ დროს საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მოდელზე, რომელიც მათ აწყობთ და აძლევთ საშუალებას, რომ მეტნი მოხვდნენ პარლამენტში. ცდილობენ, რომ სპირალში შეიყვანონ პროცესები, დაეყრდნონ რაღაც დასკვნას, რომელიც მისცემთ ინტერპრეტირების საშუალებას და შემდეგ ამით დაიწყონ სპეკულირება“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ.
გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში სახალხო დამცველის ჩართვა დროის გაწელვის და დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობაა.
„ოდირი არაფერ შუაში არ არის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც აპირებს მიმართოს ოპოზიციამ. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი საკითხი დაისვა ეს იგივეა შეკითხვა დასვა, რომ სამჯერ სამი ათი არის თუ არ არის. საკითხებთან მიმართებაში სახალხო დამცველის ჩართვის მცდელობა მხოლოდ დროის გაწელვის და დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობაა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემას ეუთოს ოდირს გაუგზავნის. დოკუმენტის გაგზავნის პროცედურა კი ასეთია - კანონპროექტი პარლამენტში უნდა იყოს ინიცირებული, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ აპირებს. ეუთოში გაგზავნის შუამავალი კი სახალხო დამცველი უნდა იყოს.