logo
ENG



მდინარაძე: სააკაშვილის მოწოდებაა, რომ მელია თავისით წავიდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა

11 თებ 202118:22
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: სააკაშვილის მოწოდებაა, რომ მელია თავისით წავიდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მელიასგან გმირის შექმნას ცდილობს და სურს, რომ პარტიის თავმჯდომარის საქმით პოლიტიკურ ველზე "ცეცხლი დაანთოს". 

"აქ არის ძალიან მკაფიო სიტუაცია - ნიკა მელია დაექვემდებარება და დაემორჩილება კანონს თუ მიხეილ სააკაშვილს. მესამე ვარიანტი არ არის. მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ის თავისი ფეხით, თავისი სურვილით, თავისი გადაწყვეტილებით წავიდეს და ჩაჯდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და გამოიყვანოს ე.წ. ფსევდო გმირი ნიკა მელიასგან.

ამით ცეცხლი დაანთოს, მეტი შანსი აღარ აქვს და მეორეს მხრივ ეს ყველაფერი გამოიყენოს იმისთვის, რომ ნიკა მელიას საერთაშორისოდ თუ შიდა მოხმარებისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსი რამენაირად აკიდოს...

გადაიხდის დარწმუნებული ვარ, არცერთ ნაციონალს არ აქვს ფსევდოგმირობის თავი, რეალურად მოუწევს უკან დახევა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ცნობისთვის, ენმ - ძალა ერთობაშიას თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ აპირებს 20 ივნისის საქმის ფარგლებში დაკისრებულ გირაოს გადახდას და მოუწოდა საქართველოს ბანკს, რომელზეც სპეციალური ანგარიშია შექმნილი, არ დაუშვას სხვა რომელიმე მოქალაქის მიერ მისი გირაოს თანხის დაფარვა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა