პარლამენტის ბიუროს დღეს ცვლილებების კანონპროექტი წარედგინა, რომელიც საგანგებო ვითარების დროს პარლამენტის საქმიანობას განსაზღვრავს. პროექტი უმრავლესობის წევრების მიერ არის შემუშავებული და ის ობექტური გარემოებების შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ანიჭებს უფლებას, რომ პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად წარმართოს.
ამ ცვლილებაზე პარლამენტმა მუშაობა უკვე დაიწყო და კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, საერთო-სახალხო განხილვა რეგიონებში ტელეხიდის მეშვეობით გაიმართოს.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვირუსთან დაკავშირებით არსებული დღევანდელი გამოწვევა არ გახდეს შეფერხების მიზეზი საკონსტიტუციო განხილვების. ამიტომ, ჩვენ დაჩქარებულ ვადებში, რეგლამენტის მიხედვით, ჩავატარებთ საერთო-სახალხო განხილვებს. შევეცდებით ეს დისტანციური ფორმით ჩავატაროთ. მინიმუმ ორ რეგიონში მაინც უნდა ჩატარდეს განხილვა, ამიტომ სავარაუდოდ გეუბნებით, რომ ტელეხიდების მეშვეობით მოვუყვეთ საზოგადოებას, იმ ცვლილების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება.
გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს. საკონსტიტუციო ცვლილებებს კი უმრავლესობის მინიმუმ 113 ხმა სჭირდება.