logo
ENG



მდინარაძე: ჩნდება კითხვები, ვინ დგას უკრაინელების განცხადებების უკან - თავად თუ ენმ

07 მარ 202215:36
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ჩნდება კითხვები, ვინ დგას უკრაინელების განცხადებების უკან - თავად თუ ენმ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნება ფიქრობს, რომ შესაძლოა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის უკან ნაციონალური მოძრაობა იდგეს. 

საქმე რუსეთის გადაწყვეტილებას ეხება, დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების ფონზე 15 ქართულ კომპანიას რძის პროდუქტების შეტანის უფლება მისცეს. 

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წელს დაიწყო, რამდენიმე დღის წინ კი რუსეთიდან თავად დაუკავშირდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, რუსეთის ბაზრის გახსნა იქნება შესაძლებლობა ქართული მეწარმეებისთვის. 

უკრაინა კი აცხადებს, რომ მოგება, რასაც საქართველო რუსეთის ბაზარზე გასვლით მიიღებს, უკრაინელების სისხლით იქნება გაჟღენთილი. უკრაინის მმართველი გუნდი საქართველოს მოუწოდებს, არ გადადგას ეს ნაბიჯი. 

სწორედ ამ განცხადებებს უკავშირებს ოპოზიციას ქართული ოცნება. 

"საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ - მათ შორის თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ - განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება.

ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა. 

გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ნაციონალური მოძრაობის". - თქვა მამუკა მდინარაძემ

მისი მტკიცებით, ენმ მეხუთე კოლონაა საქართველოში, რომლის ერთადერთი ინტერესი საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა

"მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 


close დახურვა