logo
ENG



მდინარაძე: ხალხს ვაფრთხილებდით, რომ გლდანში ენმ-ის მხრიდან მოსალოდნელი იყო პროვოკაციები

31 ოქტ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 
15ot98y46phdhrs.png

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე გლდანში ფიზიკურ დაპირისპირებასა და პროვოკაციებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. მისი თქმით, გამართლდა ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ოპოზიცია გლდანსა და კიდევ რამდენიმე უბანზე მსგავს ქმედებას გეგმავდა. 

გლდანის საარჩევნო უბნებთან დღეს დილიდან ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან მობილიზებულები. ისინი ოპოზიციის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. თავს ესხმიან ჟურნალისტებსაც. გლდანის 79-ე უბანთან თავს დაესხნენ პუბლიკას ჟურნალისტს, ტვ პირველის რეპორტიორმა კი ფიზიკური დაზიანებაც მიიღო. 

"ჩვენი ვარაუდი და ინფორმაცია, რომელიც გვქონდა გლდანის შტაბიდან 100%-იანი სიზუსტით გამართლდა და გლდანში ადგილი ჰქონდა ენმ-ის კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან პროვოკაციებს არაერთ უბანზე. 

ის და მისი ზონდერჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებში სიტუაციის გაკონტროლებას, ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში.

ჭყიპინების იმედზე თუ არიან ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და ფეისბუქზეც ვხედავ აჟირიტებულ პოსტებს, თითქოს ისინი იგებენ, მაგრამ ეს სინამდვილეში ისტერიკის მაჩვენებელია. უტყუარი ინფორმაციით, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მათივე ინფორმაციით აგებენ და მიმართავენ იმ ქმედებებს, რაზეც ვილაპარაკეთ". - ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი. 

გლდანში, 79-ე და მე-80 საარჩევნო უბნებთან რამდენიმე საათია, ვითარება დაძაბულია. არის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.  

ბაში საქართველოს მასშტაბით არაერთ უბანზე სხვადასხვა დარღვევა ვლინდება. შსს-მ 6 ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გამოძიებაც დაიწყო. 

დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა