logo
ENG



მდინარაძე ელჩებზე: ოპოზიცია რას ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს

21 თებ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საბერძნეთში ახალი ელჩების დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარია, ახალი კადრების დანიშნა ქვეყანას წაადგეს.

„ოპოზიცია რას ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს. საინტერესოა დაინიშნენ თუ არა კონკრეტულ თანამდებობებზე ჩვენგან გამოცდილი და პროფესიონალი კადრები. ქაცარავასაც და იზორიასაც უდიდესი გამოცდილება აქვთ. მთავარი ამოსავალია, რომ ეს ხალხი სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში ჩვენს ქვეყანას გამოადგეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსნებთ, რომ „ფორმულა ნიუსის" ინფორმაცია დადასტურდა - გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, გერმანიაში ლევან იზორია, საბერძნეთში კი დავით დონდუა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი 16 ნოემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

რაც შეეხება იზორიას, მისი პოლიტიკური წრიდან გაუჩინარების შესახებ „ფორმულამ" სიუჟეტი ცოტა ხნის წინ მოამზადა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში იმყოფებოდა, მიზეზი კი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაა. საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხებოდა.  

გარდა ამისა, სკანდალი იყო  იზორიას ძმის საქმეზე. ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ. 


close დახურვა