logo
ENG



მდინარაძე ზურაბიშვილს: დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, არ ხართ ობიექტური

31 მარ 202314:22
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

"დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას", - ასე მიმართა ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღეც პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.

მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა იყო "უკიდურესად ტენდენციური". მისი თქმით, პრეზიდენტმა დღევანდელი გამოსვლით "გააძლიერა ნაცმოძრაობის ცრუ კამპანია" და "არ არის ობიექტური".

"დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში და ეს არ მგონია მხოლოდ ჩემი ან ჩვენი შეფასება იყო, სამწუხაროდ, მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, წინა დღეებშიც ამისი მოლოდინი დავაფიქსირეთ, ოღონდ ამას თავისი კონკრეტული მიზნები გააჩნდა. 2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ქართული ოცნება არ იყო ხელისუფლებაში, დაიგეგმა სპეცოპერაცია ქართული ოცნების პიარული გარუსების შესახებ და ამ სპეცოპერაციის, ამ მავნებლობის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც გახლდათ, 2018 წელს, თუმცა შეიძლება ხელშეწყობაც იყო ამისი მისი მხრიდან, მაგრამ იყო ეს ნარატივი, სამწუხაროდ, პრეზიდენტობის კანდიდატზეც გატარებული. ეს გრძელდება დღესაც, მაგრამ დღეს სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც თავად პრეზიდენტმა, ერთ-ერთ მიზნად დაისახა, რომ ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. ერთ-ერთ მიზანი და მთავარი მიზანი მისი გამოსვლის ეს გახლდათ...

დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. ასევე ვილაპარაკებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე პრორუსობასთან დაკავშირებით და ერთ ხმაში ნალაპარაკებ, "არა რუსულ კანონს", ამ ნარატივის გაძლიერებას შეუწყვეთ ხელი და მესამე, იყო და არის კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება, რომელიც გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. ხომ არ ემთხვევა, თქვენი ირიბად თუ პირდაპირ, თქვენი პოზიცია ამ მიზნებს?... 

თქვენ დღეს, თქვენი ყველა წინადადებით და ნარატივით, გააძლიერეთ ნაცმოძრაობის ცრუ კამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. 

ქალბატონო სალომე, თქვენ სამწუხაროდ, თქვენი, თქვენს მიერ დაკვეთა არ შეასრულეთ ქართული საზოგადოების და არ ხართ ობიექტური. უკაცრავად, რომ ამის საუბარი მიწევს, მაგრამ თქვენ არ ხართ ობიექტური. ნაცმოძრაობის ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტური, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი", - თქვა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის დროს "ქართული ოცნება" გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია.

ზურაბიშვილმა ქართული ოცნების ანდიტასავლურ რიტორიკასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემაზე "თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ".


close დახურვა