ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ იყო ოქმებში დისბალანსი, რაც მისი აზრით, "ტექნიკური შეცდომებია". მდინარაძის თქმით, ეს კომისიის ახალ დაუტრენინგებელ წევრებს უკავშირდება.
"ეს შეცდომები იმითაა განპირობებული, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებული და ტექნიკური შეცდომები იყო ძალიან ბევრი. ასეთი იყო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული წევრი", - ამბობს მამუკა მდინარაძე ბრიფინგზე.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. ორგანიზაცია 117 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს.
თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს სავსებით შესაძლებელია გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით კი, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯამში, 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.