საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების" ოფისში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 14 ნოემბერს გუნდიდან წასულ კოლეგებს შეხვდა. მდინარაძის თქმით, შეხვედრის მიუხედავად, ყოფილი თანაგუნდელები მმართველ გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ.
„შეგნებულად არ გიპასუხებთ კონკრეტულად ვის და როდის შეხვდნენ. შიდა სამზარეულოა ვის რომელ ოთახში, რამდენი წუთით შეხვდა ჩვენი თანაგუნდელი, შეიძლება ყოფილიც. შემიძლია დაგიდასტუროთ შეხვედრა. იყო საუბარი, ხომ არ შეცვლიდნენ ისინი პოზიციას. აშკარა იყო ეს იყო სპონტანური განცხადებები, ისინი (ყოფილი თანაგუნდელები) არ აპირებენ ამას (გუნდში დაბრუნებას), ძალიან ღირსეული წევრები არიან. კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას, იქნებიან გუნდის გარეთ, მაგრამ მათი საქმიანობა კვლავ გამოადგება ქვეყანას", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა 13-მა წევრმა დატოვა. უმრავლესობის ლიდერები ყოფილი თანაგუნდელების გადარწმუნებას ცდილობდნენ და მათთან კონსულტაციებს გადიოდნენ, მაგრამ შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.