logo
ENG



მდინარაძე პატრიოტების კრემლიდან დაფინანსებაზე: თუ ფაქტი დაფიქსირდა, რეაგირება უნდა იყოს

24 აგვ 202022:51
3 წუთის საკითხავი
clock 979
o3o5xlk1g81pahz.png

"თუ ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი მართლაც დაფიქსირდა, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს", - ასე ეხმაურება რუსთავი 2-თან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე   სააგენტო "დოსიეს" მიერ გავრცელებულ დოკუმენტირებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კრემლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. 

მდინარაძის თქმით, სანამ ევროპული საქართველოს წევრები დოსიეს გამოქვეყნებულ მასალებზე გაბრაზდებიან, უნდა გაიხსენონ როგორ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ომი.

"ე.წ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები, რომ ბრაზდებიან, ჯერ თვითონ გაიხსენონ როგორ უღალატეს თავის ქვეყანას და აგვისტოს ომიდან 2 თვის თავზე როგორ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ომი და შემდეგ ისიც გაიხსენონ, როგორ ამბობდნენ თავად ისინი და სხვა არავინ, რომ არ გამორიცხავდნენ პრორუსულ ძალებთან კოალიციის შექმნას", - განაცხადა მდინარაძემ.

ევროპული საქართველო ორგანიზაცია "დოსიეს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" პირდაპირ ეხმარება - ინფორმაციას, თანდართული დოკუმენტებით, ორგანიზაცია "დოსიე" ავრცელებს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსს" დაუქირავეს და მიუჩინეს პოლიტტექნოლოგები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში.

ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატება.

დოკუმენტებში დაწვრილებითაა აღწერილი, რა რჩევებს აძლევენ მოსკოვში ქართველ პოლიტიკოსებს - გზავნილები ანტიდასავლურია. საუბარია "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერაში ჩართულ კრემილის მიერ დაფინანსებულ მედიაზეც.

ფორმულა დაინტერესდა დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც განგვიცხადეს, რომ თემაზე კომენტარი არ გაკეთდება.

 

 


close დახურვა