ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, 3-მა დეპუტატმა პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.
ქართული ოცნების ფრაქციას, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი ტოვებენ. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამის მიზეზი "ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხია".
"მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს.
მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს". - თქვა მან.
***
ეს მეორე შემთხვევაა, როცა დიმიტრი ხუნდაძე "ქართული ოცნების წინააღმდეგ წავიდა". პირველად ის 2019 წელს დაჩი ბერაიასთან ერთად "აჯანყდა". ის ფორმალურად იყო ინიციატორი იმ პროცესისა, როცა მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის დაპირება უკან წაიღო და სრულად პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩააგდო.
2022 წლის 10 ივნისს კი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ მიღებული რეზოლუცია იყო "ქართველი ხალხის შეურაცხყოფა" და რომ ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა. შესაბამისად, მისი განცხადებით, "თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას".
რაც შეეხება მდინარაძის მიერ დასახელებულ მიზეზს, რომ პარტიიდან წასული დეპუტატების აზრით, "ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს" - ევროპისთვის "ფარდის ახდაზე" რამდენჯერმე ილაპარაკა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
11 ივნისს მან თქვა, რომ საქართველო არაფერს "მათხოვრობს" და ევროკავშირისგან დამსახურებულ და სამართლიან დამოკიდებულებას ელის, ამიტომ, თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება "უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება", ყველაფერს „ფარდას ახდის".
17 ივნისს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ აპირებს, "ფარდა ახადოს" ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორებს. ამ დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ გასცემს რეკომენდაციას, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი - არა. კომისიამ ჩამოთვალა მთელი რიგი პირობები, რაც საქართველოში კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შესრულდეს.
მმართველმა პარტიამ დასახელებული "ევროპული პერსპექტივა" გამარჯვებად წარმოაჩინა, ირაკლი კობახიძემ კი თქვა: "ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ".