logo
ENG



მდინარაძე ხუნდაძის ინიციატივაზე: როგორც დეპუტატი, ვაფიქსირებ აბსოლუტურ წინააღმდეგობას

05 დეკ 201913:59
3 წუთის საკითხავი
 
cft54a06y8806vg.jpg

ე.წ. ამბოხებული დეპუტატები, მოქმედებას იწყებენ. საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მიზნით, მათ დღეს პროცედურის შესაბამისად, ბიუროს სხდომას ოფიციალურად მიმართეს. სხდომაზე გამოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. სხდომაზე უკმაყოფილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ ინიციატივის განხილვა ჯერ უმრავლესობის ფორმატში უნდა მომხდარიყო.

„როგორც დეპუტატი, ვაფიქსირებ აბსოლუტურ წინააღმდეგობას. უახლოეს მომავალში გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა და რაღაცა გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებზე ჯერ უმრავლესობის შიგნით უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მას ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა. ხუნდაძემ განმარტა, რომ დეპუტატებს დაპირება არ დაურღვევიათ, რადგან კანონპროექტი არა 2020 წლის, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. 

დიმიტრი ხუნდაძე კოლეგებს იმ შეთანხმებას ახსენებს, რომლის თანახმადაც როგორც ხუნდაძე ამბობს, უმრავლესობაში არსებობდა შეთანხმება 2020 წლის არჩევნების ცვლილების გარეშე დატოვებაზე, თუმცა საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. 

„გახსოვთ, როდესაც უმრავლესობაში ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და სისტემის ცვლილებას არ შევეხებოდით. ეს იყო ჩვენი კომპრომისული ვარიანტი. იქვე ვთქვით, რომ ამაზე მუშაობას გავაგრძელებდით და დღეს სწორედ ეს პროცესია“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ხუნდაძის პოზიციას იზიარებს დაჩი ბერაიაც:

"რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, გუნდში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ანუ იმ წესით, რა წესიც ახლა მოქმედებს. ინიციატორების აზრით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს ორპალატიანი სისტემა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ.

რამდენიმე დეპუტატის მიერ შემუშავებულ ინიციატივას, რომელიც ორპალატიან სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ იზიარებს. გუნდის წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ის პოზიციას არ ცვლის და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა. 

"მე პირადად ვრჩები იგივე პოზიციაზე, რასაც თავის დროზე, 2017 წელს მხარი დავუჭირე, ანუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. არ მიმაჩნია რეალისტურად ეს ინიციატივა", - განაცხადა წილოსანმა.

 

 

 


close დახურვა