„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, აქციის დაშლისთვის პოლიციას მადლობა გადაუხადა. მდინარაძის თქმით პოლიციამ კანონის მაქსიმალური დაცვით შეძლო და აღკვეთა პარლამენტის ბლოკირება.
„მე შემიძლია მადლობაც კი გადავუხადო, იმისათვის რომ გაფრთხილებით, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობით და კანონის თითოეული დეტალის მაქსიმალური დაცვით, მათ შეძლეს რომ აღეკვეთათ ბლოკირება პარლამენტის და ასევე ობიექტური რომ ვიყო, მადლობა უნდა გადავუხადო პროტესტანტთა იმ ნაწილს რომლებიც დაემორჩილნენ პოლიციას და გაერიდნენ იქაურობას,“-განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენებით შეაჩერეს. აქციაზე, სპეცრაზმსა და აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ოცამდე ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა, თავისი დაპირების შესრულებაზე 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.