logo
ENG



მე ვიქნები თავისუფალი რიგითი ჯარისკაცი - ვანო მერაბიშვილის სამომავლო პოლიტიკური გეგმები

20 თებ 202022:19
3 წუთის საკითხავი
 
erqdqekzjeorqk5.jpg

ყოფილმა პრემიერმინისტრმა გათავისუფლების შემდეგ საკუთარ სამომავლო პოლიტიკური გეგმებზე ისაუბრა. როგორც ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ჯერჯერობით კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი რომელ პარტიაში გაერთიანდება, თუმცა დარწმუნებულია იმაში, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაიწყებს. 

"არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პარტიაში გავერთიანდები, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. ჩემი ხელისუფლების დროს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო იყო ერთიანი. ორივე პარტიაში არიან ჩემი მეგობრები და მე მჭირდება გარკვეული დრო, რომ გავერკვე. რა აქვთ საერთო და რა განსხვავებული, თუმცა ვიცი რომ საერთო მეტი აქვთ. მოხარული ვარ რომ ზოგადად დღეს ოპოზიცია არის ერთიანი, რათა ხელისუფლება შეიცვალოს. ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება შემოდგომაზე არჩევნების გზით. მე კი ვიქნები ამ პროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ასევე ვიქნები მიუკერძოებელი და არ მექნება პირადი ინტერესები",-აღნიშნა მერაბიშვილმა. 

მისივე თქმით, მას არ აქვს ამბიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რომელიმე თანამდებობა დაიკავოს. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ის აპირებს იყოს რიგითი ჯარისკაცი და ამ გზით შეეცადოს ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი. 

"როცა გავხდი პრემიერ-მინისტრი, ეს არ ყოფილა ჩემი პირადი სურვილი. ჩემი მეგობრები, პარტიის ხელმძღვანელობა შეიკრიბა მაშინ. მე მიყვარს კონკრეტული რეფორმის ჩატარება და კონკრეტული საქმის კეთება, ამიტომ მომწონდა როცა ვიყავი შსს-ს მინისტრი და ვებრძოდით კრიმინალს. პრემიერობა კი ჩემთვის ძალიან ზოგადი იყო და ეს არ მომწონდა. შეუძლებელად მიმაჩნია ყოფილი პრემიერი დაბრუნდეს მინისტრის სკამზე, ამიტომ მე ამის მიზანი არ მაქვს. როცა ეს ხელისუფლება წავა, ოპოზიციას მერე უფრო მეტი ექნება გასაკეთებელი. ახალგაზრდებს აქ დარჩენის სურვილი უნდა გაუჩნდეთ, აუცილებელია პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა და ზოგადად საქართველოს ვითარება ძალიან უკან არის წასული. ამ პროცესში, არა როგორც მინისტრი ან თანამდებობის პირი, დღეს სხვა ეპოქაა და არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, მე კი ჩემი გამოცდილებით იმდენი რამის გაკეთება შემიძლია. მე ვიქნები თავისუფალი რიგითი ჯარისკაცი. თანამედროვე სამყაროში მარტო მთავრობა არ აკეთებს საქმეს. თავისუფალი საზოგადოების წევრიც აკეთებს საქმეს",-განმარტა მერაბიშვილმა. 


close დახურვა