გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა "იმედის" ორ ექიმს და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 მაისს ჩაინიშნა.
27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის იმედის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. ექთანი თბილისში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია სიკვდილის გამომწვევი მიზეზი.
პროკურატურა აცხადებს, რომ მომხდარის გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით 19 მარტს დაიწყო.
უწყება მიუთითებს, რომ 18 მარტს ხალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
პროკურატურის მტკიცებით, კლინიკის ორმა ექიმმა და ერთმა ექთანმა მეგი ბაქრაძეს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, შემდეგ კი გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს.