logo
ENG



მეგრელიშვილი: თუ ოცნება მართლა პროპორციულს დათანხმდა და სხვები არ მოდიან, რა მინდა მათთან

09 თებ 202114:58
3 წუთის საკითხავი
 
მეგრელიშვილი: თუ ოცნება მართლა პროპორციულს დათანხმდა და სხვები არ მოდიან, რა მინდა მათთან

გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ არჩევნებს დათანხმდა და სხვა ოპოზიციური პარტიები ამაზე არ წავიდნენ, იმ ხალხთან ვერ დარჩება. 

"თუ ქართულმა ოცნებამ დაგვარწმუნა იმაში, რომ მას არ სურს ამ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია მეტად, მეტად იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ის დათანხმდა მართლა პროპორციულ არჩევნებს და ვიღაც პარტიები და პოლიტიკოსები ამაზე არ მოდიან, მე რა მინდა იმ ხალხთან ერთად?! რა სიტუაციაში შეიძლება დავრჩე მე იმ ხალხთან ერთად, რომელიც აპირებს, რომ ხელისუფლების უზურპაციით ისარგებლოს იმ შემთხვევაში და ვთქვათ, მიშა სააკაშვილი გახდეს შემდეგი უზურპატორი", - თქვა მეგრელიშვილმა ფორმულას გადაცემა კომენტარში.

წამყვანის კითხვაზე, ანუ შევა თუ არა პარლამენტში სხვა ოპოზიციის გარეშე, მეგრელიშვილი პასუხობს:

"არათუ შევალ, ვეცდები, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ამ ხალხს ჩავუხსნათ მანდატები, ყველაფერი ვუქნათ, ისეთი რამეები, რომ ამ ხალხს პოლიტიკაში ადგილი აღარ ჰქონდეთ

სიმართლე იქნება ის, რომ ვიღაცა ხალხმა ამ ქვეყანაში ერთერთი მნიშვნელოვანი შანსი არ გამოიყენა და ამის გამო მათ პასუხი უნდა აგონ ყველანაირად".

მეგრელიშვილმა 8 დეკემბერს თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის გარეშე პარლამენტში ფეხის შემდგელი არაა".

მამუკა მდინარაძემ გუშინ, 8 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. ამ ცვლილებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა გირჩის პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც, საკმარისი ხმა ვერ გროვდება. 


close დახურვა