რუსეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი ტუალეტის ქაღალდს შეადარა. ტვიტერზე მედვედევმა თავის შეფასებას ტუალეტის ქაღალდის ემოჯი დაურთო.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, სად უნდა იქნას გამოყენებული ეს ქაღალდი", - წერს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე.
The International Criminal Court has issued an arrest warrant against Vladimir Putin. No need to explain WHERE this paper should be used.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
"დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის დაკავების ორდერი გასცა: ბ-ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და ქ-ნი მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა", - აღნიშნულია ICC-ის განცხადებაში.
საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე.
მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა.
ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის "მნიშვნელობა არ აქვს."