რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული პირველი არხი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებულ რუსულ ტანკერს ქართველი კაპიტანი ჰყავდა.
ბორტზე საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფებოდა.
საუბარია მარინერას ბორტზე მყოფ მეზღვაურებზე. მედიის ცნობით, ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგებოდა: 20 მათგანი უკრაინელი იყო, ექვსი, კაპიტნის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ორი - რუსეთის.
შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი M/V Bella 1 ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა.
ტანკერის დაკავება განხორციელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა (DOJ) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მონაწილეობით, თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით. გემი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული, მას შემდეგ, რაც მისი გადაადგილება აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის - USCGC Munro-ს მიერ იყო შემჩნეული.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Bella 1 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და უკანონოდ ახორციელებდა ნავთობის ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით.
