უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თანამდებობა დატოვა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს მის საკუთრებაში კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (NABU) ჩხრეკა ჩაატარა.
ერმაკის გადადგომა უკრაინაში ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდის ყველაზე მასშტაბური კორუფციული სკანდალის ფონზე მოხდა, რომელშიც პრეზიდენტის მოკავშირეებიც ფიგურირებენ.
მიმდინარე თვის დასაწყისში, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (NABU) ბრალი წაუყენა რვა ეჭვმიტანილს სქემაში, რომელიც სახელმწიფო ბირთვულ კომპანია „ენერგოატომს“ ეხება. საქმის მთავარ ორგანიზატორად დასახელდა თიმურ მინდიჩი, ზელენსკის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე.
„პრეზიდენტის ოფისის გადატვირთვა მოხდება. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა. მადლობას ვუხდი ანდრეის იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესებზე უკრაინის პოზიციას ყოველთვის ზუსტად ისე წარმოადგენდა, როგორც ეს საჭირო იყო“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში. „
ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურს „თავიდან აიცილოს ჭორები და სპეკულაციები“.
„რაც შეეხება [პრეზიდენტის] ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ხვალ გავმართავ კონსულტაციებს მათთან, ვისაც შეუძლია ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა,“ – დასძინა მან.
