უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (SBU) არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 28 ნოემბერს უკრაინულმა "Sea Baby"-ის ტიპის საზღვაო დრონებმა დაარტყეს ორ სანქცირებულ რუსულ ნავთობმზიდს — Kairos-სა და Virat-ს, რითაც კრემლის ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული გემები მწყობრიდან გამოიყვანეს.
წყაროს განცხადებით, დრონებმა "საქმე წარმატებით შეასრულეს" და ნავთობმზიდეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ტანკერებს შეეძლოთ თითქმის 70 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის გადაზიდვა და მოსკოვისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში დახმარება.
ირკვევა, რომ ნავთობმზიდები ტვირთის ჩასატვირთად რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში მიემართებოდნენ და შესაბამისად, თავდასხმის მომენტში ცარიელი იყვნენ.
არსებული ცნობებით, 25 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟიდან არავინ დაშავებულა.
