კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ფორმულას ჟურნალისტზე, რატი წვერავაზე თავდასხმის ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.
რატი წვერავას ძალადობრივი ჯგუფები 2021 წლის 5 ივლისს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
დღეს, 2022 წლის 2 მარტს, 5-6 ივლისი ძალადობის საქმეზე სასმართლო პროცესი გაიმართა.
გამოკითხვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძალადეები წვერავას დახვდნენ, მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცადეს ძალადობრივი ანგარიშსწორება. ამასთანავე, შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავი 2-ის თანამშრომლებს, არჩილ ჭიჭიბოშვილს და ხათუნა გაგნიძეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე მედიის წარმომადგენლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, თუმცა უცნობია, არიან თუ არა თავდამსხმელი პირები იდენტიფიცირებული და იგეგმება თუ არა მათი დასჯა კანონით გათვალისწინებული წესით.
"მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მასშტაბური თავდასხმის მონაწილეებისა და ორგანიზატორების სათანადო დაუსჯელობამ წაახალისა მედიის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებები.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ 2 მარტს სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე დროული სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად". - აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.