logo
ENG



მედიაკოალიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

02 ნოე 202218:54
3 წუთის საკითხავი
 
მედიაკოალიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

მედიის ადვოკატირების კოალიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურალისტური მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ.

"ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა.

სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.


close დახურვა