მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ძალოვანმა ბოლო 10 დღის განმავლობაში, თბილისში მიმდინარე აქციებზე 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს, თუმცა, ამ დრომდე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულების ჩამდენი არცერთი პირი არ გამოუვლენია.
მედიაომბუდსმენი წერს, რომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეუცვლელია კრიტიკული მედიის როლი, რომლის დადუმებას ძალის გამოყენებით ცდილობს ოცნება - სამართალდამცავებისა და ტიტუშკების მეშვეობით.
"10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქართული მედიის მიმართ და შევახსენოთ ყველას კრიტიკული ჟურნალისტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის, – შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.
დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეუცვლელია კრიტიკული მედიის როლი, რომლის დადუმებას ძალის გამოყენებით ცდილობს ქართული ოცნება სამართალდამცავებისა და ტიტუშკების მეშვეობით.
ბოლო ათი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.
საქართველოში მედიის თავისუფლება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის საქმიანობის შეზღუდვის ყველაზე უხეშ მცდელობებს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და დანაშაულთა დაუსჯელობის ტენდენციას.
ქართულ მედიაორგანიზაციებს არსებობა უწევთ უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადების და რუსული კანონით გაუქმების საფრთხის პირობებში, მცირე ეკონომიკური შემოსავლების და ქართული ოცნების პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მედიის ნაწილი ერთგულად აგრძელებს მაკონტროლებელი ფუნქციის – მეოთხე ხელისუფლების როლის შესრულებას შესრულებას, სიმართლის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. არაერთხელ ითქვა, რომ მედია დემოკრატიის საფუძველია.
ის ერთადერთი პასუხისმგებლიანი საშუალებაა საზოგადოების თითოეულმა წევრმა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოხატოს თავისი აზრი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. წლების მანძილზე მინიჭებული, შეუცვლელი ფუნქციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ და დავიცვათ მედიის ყველა წარმომადგენლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მათ შეუფერხებლად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ადამიანების ინფორმირება საქართველოში.
და ბოლოს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის. გვჯერა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა სიტყვის თავისუფლებაზე გადის.
ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს მოვუწოდებთ, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პატივი სცეს მედიას.
სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო.
მედიაომბუდსმენი აგრძელებს ჟურნალისტების და ოპერატორების მხარდაჭერას. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!", – ვკითხულობთ განცხადებაში.