მედიის ადვოკატირების კოალიცია პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს და მოუწოდებს ჟურნალისტებს აკრედიტაცია აღუდგინოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ პარლამენტის აპარატმა ტაბულას რედაქტორსა და პუბლიკას 3 ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა.
როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, "საკანონმდებლო ორგანოში ღიად, საჯაროდ და ცინიკურად ირღვევა მედიის წარმომადგენლების უფლებები".
"მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია პარლამენტში, უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით შემდეგ კვირას დაგეგმილი რუსული კანონის განხილვის დროს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში პარლამენტი გახდა სიმბოლო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის შეზღუდვისა.
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღიად, საჯაროდ და ცინიკურად ირღვევა მედიის წარმომადგენლების უფლებები. ამის ნათელი დადასტურებაა მმართველი პარტია ქართული ოცნების მხარდაჭერილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მიზანმიმართულად ხელის შეშლა, რა დროსაც ადგილი აქვს ჟურნალისტების უკანონო დაკავების, პარლამენტში გადაადგილების შეზღუდვის, არ შეშვების თუ გაძევების ფაქტებს.
ამ ფონზე, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მიმართულია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ, პარლამენტი უუქმებს ცალკეული მედიის, პუბლიკის და ტაბულის, ჟურნალისტებს აკრედიტაციას ერთი თვის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ახორციელებენ და კონსტიტუციით დადგენილი გამოხატვის უფლებით სარგებლობენ. მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, უზრუნველყოს მედიისთვის კონსტიტუციით დადგენილი უფლებების დაცვა და მათთვის პარლამენტში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საშუალება ექნებათ, თავისუფლად შეასრულონ ჟურნალისტური საქმიანობა", - წერია განცხადებაში.
***
პარლამენტის აპარატმა ტაბულას რედაქტორს ცისია კირვალიძესა და პუბლიკას სამ ჟურნალისტს, ქეთი გოგუაძეს, ნათია ამირანაშვილსა და ნათია ლევერაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებათ.
2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.
გარდა ამისა, 2 მარტსვე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ პუბლიკას დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავა. მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.